პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხი - რას პასუხობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეთავაზებას მმართველ გუნდში 

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეთავაზებას მმართველ გუნდში პასუხობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე და გამოძიების დაწყებაზე გუნდში არ უსაუბრიათ, მისივე თქმით, უმრავლესობის დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტთან შეკითხვები ჰქონდათ, თუმცა, გიორგი მარგველაშვილი პასუხების გაცემას გაურბის. საპასუხოდ დღეს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.

გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აერთიანებს, გიორგი მარგველაშვილის შიშია. მისი თქმით, პრეზიდენტის მიმართ უმძიმესი ბრალდებების შემდეგ, პარლამენტისთვის ადმინისტრაციის მიმართვაზე  – გიორგი მარგველაშვილის იმპიჩმენტის პროცედურისა და მის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობამ ვერაფერი გაბედა და უკან დაიხია.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ პარლამენტის თავმჯდომარეს გუშინ მოუწოდა. აღნიშნულ განცხადებებს წინ უძღოდა 2 მაისს, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, მის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება და ამავე დღეს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხზე.