პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დღის მთავარი პოლიტიკური თემაა – მმართველი გუნდის ინიციატივა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ, პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს უზენაესი კანონის 52-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო სარჩელის მოსამზადებლად 50 ხმის მობილიზებას აანონსებს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ქვეყნის მთავარი კანონის უგულებელყოფას, რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ. თუმცა, პროცესის ბოლომდე მისაყვანად, ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, რომელიც „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ მხარდაჭერის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს.

ოპოზიციის დიდი ნაწილი პრეზიდენტის გადასაყენებლად ხმის მიცემას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ უმრავლესობის ქმედებები, მით უფრო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, ანტისახელმწიფოებრივია. მეორეა დღეა, დუმს თავად პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს მმართველი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით, კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.