პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელისთვის 50 ხელმოწერის მობილიზებას იწყებს. პროცესი ორშაბათს უმრავლესობის სხდომაზე დაიწყება. მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს უზენაესი კანონის 52-ე მუხლის დარღვევას ედავება.

სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილების მიზეზებზე დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი, როდესაც პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია. სწორედ კონსტიტუციის დაცვის არგუმენტით ხსნის უმრავლესობა გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ. მდინარაძე ამბობს, რომ ამ ფაქტს მმართველი ძალა რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდა.