რა გავლენას მოახდენს გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული გზავნილები საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე – მმართველი გუნდის და ოპოზიციის მოლოდინები არაერთგვაროვანია.
ოპონენტები მიხეილ ყაველაშვილს გენერალურ დებატებზე გამოსვლის აქცენტებს უწუნებენ, მიმართვის შინაარსით კმაყოფილია „ქართული ოცნება“, რომლის ლიდერები ურთიერთობის გადატვირთვის შეთავაზებაზე ვაშინგტონიდან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან. პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლების გზავნილები და მოლოდინი პირადად გადასცა დონალდ ტრამპს ოფიციალური ვახშმის ფორმატში კომუნიკაციის დროს. ამ განცხადებას, ისევე როგორც გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დეტალებზე გაკეთებულ კომენტარს ქართულ პოლიტიკურ წრეებში რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა. ოფიციალურ თბილისს ამერიკის წინა პრეზიდენტის მიერ შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის იმედი აქვს, ხელისუფლებას ოპტიმისტურ პროგნოზს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა და ბოლო რვა თვეში მიღებული გადაწყვეტილებები უმყარებს.