პრეზიდენტის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოწყობილი საპროტესტო აქცია სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი გახდა.

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მწვავედ აკრიტიკებს და დღევანდელ აქციას ზეწოლად აცხადებს. ბულინგი, დამცირება, შანტაჟი, მუქარა – ეს იმ ბრალდებების ჩამონათვალია, რომლებსაც პრეზიდენტი მმართველ პარტიას უყენებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფოს მეთაურის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის თემაზე მუდმივი პოლიტიკური დისკუსია ოპოზიციის ნაწილთან ერთად ხელისუფლებასაც აწყობს. პირდაპირი არა, თუმცა იყო ირიბი მინიშნება დღევანდელი აქციის ორგანიზების მიღმა ხელისუფლების კვალზეც. „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილმა სასამართლო სფეროში ლევან მურუსიძის და მიხეილ ჩინჩალაძის დაწინაურების ფაქტიც შეახსენა, ახსენა ბანკი „ქართუც“. კრიტიკის ობიექტი გახდა თბილისის მერიაც.