„მივესალმები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით უკვე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე უმნიშვნელოვანესია პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ორი ინიციატივა, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება.“- განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს.
„ქვეყანაში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრება და ნარკოტიკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება ჩვენი ვალდებულებაა, რათა მომავალი თაობა უსაფრთხო გარემოში აღიზარდოს, არჩევანი კი ცხოვრების ჯანსაღ წესზე, განათლებასა და განვითარებაზე გააკეთოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, პრინციპულად მნიშვნელოვანია ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა. ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დღეს ეროვნული პრიორიტეტია. ამ მიზნის განხორციელებისთვის ყველა ინსტიტუციურ დონეზე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც აუცილებლად მოჰყვება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები. მნიშვნელოვანია ყველამ კარგად გავითავისოთ, რომ ჯანსაღი ფასეულობების განმტკიცებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად მოაზროვნე თაობების საფუძველია, რაც ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია!”- წერს მიხეილ ყაველაშვილი.