პრეზიდენტის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან შეფასდა.

სალომე ზურაბიშვილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოუსმინეს. ვრცელი გამოსვლა ძირითადად სასამართლო სისტემაზე, მედია-გარემოზე, ოკუპაციასა და მოახლოებულ არჩევნებზე საუბარს დაეთმო. 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესასრულებლად პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და საქართველოს საკითხის ყველა ფორმატში განხილვა სთხოვა. სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს ასევე მოუწოდა, აიძულონ რუსეთი, რათა ფედერაციამ 2006 წელს დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია დროულად გადაუხადოს. მიმართვის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო, რა დროსაც ევროპარლამენტარებმა კრიტიკული კითხვებიც დასვეს, – მათ შორის ივნისის მოვლენებზე. რუსი დეპუტატი კი დაინტერესდა, როგორ მოიქცევა საქართველო რუსულ დელეგაციასთან მიმართებაში მაისში, როცა ქვეყანამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უნდა უმასპინძლოს.