პრეზიდენტის გამოსვლა და შეფასებები

შემოუშვებენ თუ არა მაისში საქართველოში რუსულ დელეგაციას და მის ხელმძღვანელ სერგეი ლავროვს, – სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ ოპოზიცია ხელისუფლებას მოსალოდნელ პროტესტზე აფრთხილებს.

პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს გვერდი აუარონ, რის გამოც ოპონენტების მწვავე კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. უცნობია, იყო თუ არა ეს განცხადება შეთანხმებული მმართველ გუნდთან, რომელიც რუსულ დელეგაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით და კანონის დაცვით აპირებს.

მაისში საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ორგანიზაციის მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელს და ცალკეულ დეპუტატებს კი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აქვთ.