პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ცესკო-ს განცხადება

ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება. კითხვის ნიშნებს სალომე ზურაბიშვილის ის გადაწყვეტილება იწვევს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. შედეგად ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა მესამე ვადით სურდა, პროცესს გამოეთიშა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საარჩევნო ადმინისტრაცია დღეს წერილობით გამოეხმაურა და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია გაუგებარია მმართველი გუნდისთვისაც, სადაც წარდგენილი კანდიდატურების მხარდაჭერას არ აპირებენ. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არც ოპოზიციას აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები მმართველი პარტიის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი თავიდან გამოცხადდება.