პრეზიდენტის და ოპოზიციის გეგმა

მოქმედი პრეზიდენტი საკუთარ გეგმას ისევ არ აკონკრეტებს.

დარჩება თუ არა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ორბელიანების სასახლეში – კითხვაზე ცალსახა პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. გაურკვეველია ისიც, განიხილება თუ არა პოლიტიკურ დღის წესრიგში შენობის გამაგრების და პრეზიდენტის ფიზიკური მხარდაჭერის გეგმა, რამაც ოპოზიციონერ ლიდერებსაც შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ანა დოლიძის გეგმას სალომე ზურაბიშვილთან აქტიურ კოორდინაციაში მყოფი ოპოზიციის ნაწილი უკვე გაემიჯნა. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი თანხმდება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არ გამოსვლის გეგმა საერთო სტრატეგიას და პროტესტს დააზიანებს. მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს მოსალოდნელ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე აფრთხილებს. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მოქმედი პრეზიდენტი კვირას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს არ ჩაიდენს.