წლის ბოლოსთვის ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
არჩევნების თარიღი ცნობილია. საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით 14 დეკემბერს აირჩევენ. მოქალაქეების ნაცვლად არჩევანს 300 ხმოსნისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია გააკეთებს. კოლეგიაში შედიან პარლამენტის დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლები. ოპოზიცია პარლამენტს არალეგიტიმურად აცხადებს, შესაბამისად, საარჩევნო კოლეგიაში ყოფნას და კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. ახლა მთავარი კითხვაა – ვის წარადგენს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად, რომელსაც ასარჩევად კოლეგიის მინიმუმ 200 ხმა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავს. გადაწყვეტილების მიღება არცთუ მარტივი იქნებოდა მოქმედი და წინამორბედი პრეზიდენტების გათვალისწინებით, რომლებიც არჩევიდან მალევე ხელისუფლების ოპონენტები გახდნენ.