პრეზიდენტის არჩევის პროცედურა

საზოგადოების, მათ შორის აქციის მონაწილეების ყურადღება ახლა ხვალ დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნებისკენ არის მიმართული. ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით საარჩევნო კოლეგია ხუთი წლის ვადით აირჩევს. კენჭისყრა ხვალ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში შედგება. პრეზიდენტობის კანდიდატი „ხალხის ძალის“ ყოფილი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია. საარჩევნო პროცესი ხვალ დილის ცხრა საათზე დაიწყება და 14 საათამდე გაგრძელდება. პრეზიდენტი არჩეულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ სამასი დელეგატიდან მინიმუმ 200-ის მხარდაჭერას მოიპოვებს. უკვე ცნობილია, რომ ხვალინდელი არჩევნები აქციის ფონზე გაიმართება.