პრეზიდენტი ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტს - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის არშეწყვეტასთან დაკავშირებით, ისევ განხილვის თემაა. ოპოზიციაში ამ გადაწყვეტილებას არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებენ და „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებას უკავშირებენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროსგან ელოდებოდა დასკვნას საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე, მიღების შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა.

განმარტება გამოაქვეყნა ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს და მას გადაწყვეტილების მისაღებად სამი თვის ვადა აქვს. „რაც ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას, გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული „რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო „შავ ხვრელად“ ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას,“ – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.