პრევენციული ღონისძიებები და 112-ის ახალი სერვისი

საგანგებო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლოა გამკაცრდეს. ყველაფერი ეპიდსურათზე იქნება დამოკიდებული. 218 ინფიცირებული, აქედან 50 გამოჯანმრთელებული – ასეთია ამ წუთის სტატისტიკა. კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ერთვება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სწორედ ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეებმა, რის შემდეგაც მათი გადამისამართება ოჯახის ან სოფლის ექიმებთან მოხდება.

პირველადი ჯანდაცვის რგოლი გადაწყვეტს, მოქალაქე სტაციონარში უნდა გადაიყვანონ, თუ სახლში დატოვონ. საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია 112-ის კიდევ ორი სამუშაო სივრცე. პიკის პერიოდის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც ტესტები ჩაუტარდებათ. ასევე მზად არის უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების სახლის პირობებში მკურნალობის პროტოკოლი.