პრემიერმა საზეიმო მიღება გამართა

ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზეიმო მიღება გამართა. მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მაღალი რანგის სტუმრებსა და საქართველოს მეგობრებს უმასპინძლა.

მიღებაზე საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსპონატები და ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ამსახველი ფოტოები გამოფინეს. სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები ანსამბლმა „რუსთავმა“ შეასრულა.

საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიენ მორი პასკიემ. სამაგალითოდ შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა. პრემიერმა კი სტუმრებს ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა წარუდგინა, რომელიც საქართველოში წელს გამოვა.