პრემიერმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გააუქმა

ირაკლი კობახიძემ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გამო, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გააუქმა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა. ის საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მომიტინგეებს გაესაუბრა. მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, მოგვიანებით ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მთავარ გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები შეშფოთებულები არიან იმ მიმართულებით, რომლითაც ქვეყანა მიდის. თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება და ის აქციაზე მყოფი ხალხის მხარდასაჭერად მივიდა.

შეგახსენებთ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. შეხვდა ქართველ კოლეგას. გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია მედიისთვის. ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და აქედან აზერბაიჯანში გაემგზავრება.