პრემიერის წერილი – გამოხმაურება
პოლიტიკური განცხადებები არ წყდება, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადებაზე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრალდებებს უარყოფენ და რუსეთის ინტერესების გატარებაში თავად ირაკლი კობახიძეს ადანაშაულებენ. მმართველ გუნდში კი – აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია გარე ძალების დაკვეთით მოქმედებს და სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში მოიგო ქვეყანამ ჰააგასა და სტრასბურგში სამართლებრივი დავები და რუსეთს ოკუპანტი დაერქვა. ღია წერილში პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა და კითხვები დასვა, რატომ არ გამოირჩეოდა ყოფილი ხელისუფლება რადიკალური ანტირუსული განწყობებით აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ იქცა „რუსოფობია“ ტრენდად მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ანალოგიური შეფასება აქვს პრემიერ-მინისტრს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებითაც.