პრემიერის ვიზიტი უნგრეთში - საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობა

საქართველოს მინისტრთა კაბინეტი უნგრეთიდან რამდენიმე მემორანდუმით ბრუნდება. ორი ქვეყნის მთავრობები ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე თანხმდებიან. უკვე მეორე სამთავრობო სამიტში პრემიერი ირაკლი კობახიძე მთავრობის სრულ შემადგენლობასთან ერთად მონაწილეობდა. განსაკუთრებული აქცენტი პოლიტიკური კავშირების გაძლიერებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და კერძო სექტორის გააქტიურების აუცილებლობაზე გაკეთდა. ორივე მხარის პოზიციაა, რომ, სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიუხედავად, რამდენიმე სფეროში ქვეყნების პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული. ვიზიტის დროს არაერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და უნგრეთს შორის ღირებულებით თანხვედრას, ამჯერადაც გაჟღერდა კრიტიკული გზავნილები ბრიუსელის მისამართით, რომელსაც უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითეს. შეხვედრები პრემიერთან, პრეზიდენტთან, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან და ორი წლის წინ შექმნილი ფორმატის ფარგლებში გამართული სამიტი – ასეთი იყო ორდღიანი ვიზიტის პროგრამა.