პრემიერის ვიზიტი არაბთა გაერთიანებული საამიროებში
საქართველოს პრემიერი საერთაშორისო პლატფორმაზე სიტყვით გამოვა.
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობს, რომელსაც სახელმწიფოების და მთავრობების ლიდერებთან ერთად პოლიტიკოსები და ბიზნესმენებიც ესწრებიან. მიმართვაში განსაკუთრებული ყურადღება შუა დერეფნის მარშრუტში საქართველოს როლზე და სატრანზიტო პოტენციალზე გამახვილდება. სწორედ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ამ მარშრუტს მიეძღვნება ის თემატური პანელი, რომელზეც საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლა იგეგმება. დაგეგმილია შეხვედრები საინვესტიციო კომპანიებთანაც. პირველი ასეთი შეხვედრა უკვე გაიმართა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ ხელმძღვანელთან – სწორედ ეს ჯგუფი ფლობს 60%-იან წილს თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომელიც შუა დერეფნის მარშრუტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და რეგიონის ქვეყნებს აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებთან აკავშირებს.