პრემიერის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

ქართული დელეგაცია აბუ-დაბიდან მსხვილი საინვესტიციო შეთანხმებით ბრუნდება.

თბილისსა და გონიოში მრავალფუნქციური დეველოპერული პროექტები განხორციელდება – ინვესტიციის ჯამური ღირებულება 6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ქართულ ბაზარზე შემოდის ცნობილი დეველოპერული კომპანია „ემაარ ჯგუფი“ არსებობის 27-წლიანი ისტორიით და უძრავი ქონების სფეროში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჩადებული ინვესტიციებით. ამ კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია დუბაიში განთავსებული და მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღალი ნაგებობა ბურჯ ხალიფა, რომელიც ამერიკელი არქიტექტორის მიერ არის დაპროექტებული. საინვესტიციო შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა, სამშენებლო სამუშაოების დაწყების თარიღი და მშენებლობის ვადები დღეს არ დაკონკრეტებულა. მოლოდინია, რომ მასშტაბური პროექტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და დასაქმების მაჩვენებლებზე მნიშვნელოვნად აისახება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერის ქართული დელეგაციის ვიზიტი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან, ასევე სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელობასთან და აბუ დაბის პორტების ჯგუფთან შეხვედრებს მოიცავდა. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის პროექტში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ზრდაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თბილისის მშრალ პორტს, რომელიც მიმდინარე წელს უნდა ამოქმედდეს.