საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა, რომელიც საქართველოს თბილისის მშრალი პორტის გახსნასთან დაკავშირებით ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე გამახვილდა, ასევე − სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. ხაზი გაესვა მშრალი პორტის პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში, მათ შორის, ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან, შუა დერეფნის მეშვეობით გადაზიდული ტვირთებისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც მიმართული იქნება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. შეხვედრის შესახებ ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს კერძო სექტორისადმი გამოხატული ინტერესისთვის, ასევე მშრალი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციებისთვის. მან ასევე შუა დერეფნისთვის საქართველოს მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა აღნიშნა.