პრემიერის შეხვედრა ელჩებთან

საქართველოს პრემიერი სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა. ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ახალ ელჩთან, ზურაბ ბერიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის, პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებს. ზურაბ ბერიძეს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება, იყო არაერთ ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამასთან, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს დიანა ჟღენტსაც შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. დიანა ჟღენტი ნიუ იორკში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. იგი ასევე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე.

საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის საკითხები იყო განხილვის თემა საქართველოს პრემიერსა და ლატვიის რესპუბლიკაში ახლადდანიშნულ ელჩს ირაკლი ყურაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე. ლატვიის რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე, ირაკლი ყურაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. ასევე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და არგენტინის რესპუბლიკაში.