პრემიერის შეხვედრა ახალგაზრდა მორაგბეებთან

პრემიერ-მინისტრი თელავში ახალგაზრდა მორაგბეებს შეხვდა და მათ ვარჯიშს დაესწრო. მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი ბაზა, რომელიც ფონდი ქართუს დახმარებით აშენდა, ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია ქართული რაგბისთვის.

თელავის რაგბის სტადიონი, ერთ ბუნებრივ საფარიან და ერთ ხელოვნურსაფარიან მოედანს მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ორი ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. პრემიერ-მინისტრი თელავში ახლად რეაბილიტირებულ მე-9 საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით სრულად გარემონტდა.

მთავრობის მეთაურმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები დაათვალიერა და მოსწავლეებს გაესაუბრა. მთავრობის მეთაური თელავის ტექნო-პარკშიც იმყოფებოდა. მან განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან ერთად, ტექნო-პარკის სამუშაო სივრცეები დაათვალიერა, ასევე ახალგაზრდა ინოვატორებსა და სტარტაპერებს გაესაუბრა. მამუკა ბახტაძემ ინოვაციების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.