პრემიერის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში

პოლიტიკური შეფასებების თემაა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაიმართა შეხვედრები გერმანიის კანცლერთან, პრეზიდენტთან და ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან. ხელისუფლება ამ ვიზიტს ნაყოფიერს უწოდებს და აცხადებს, რომ გერმანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

განსხვავებულია ოპოზიციის მოსაზრება ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ეხებოდა. გერმანიის კანცლერი ამ კანონის მიღებას არ ემხრობა, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მათი პოზიცია მყარია. ბერლინში ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს ცხრა რეკომენდაციის შესრულებისა და მოახლოებული არჩევნების საკითხიც განიხილეს.