მეორე დღეა შეფასებების თემაა პრემიერის ინიციატივა ოპონენტებთან დებატების გამართვის შესახებ. მმართველ გუნდთან დებატებისთვის მზად არის ოპოზიცია. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის ირაკლი კობახიძეს დებატებისკენ უკვე წლებია მოუწოდებს. მზადყოფნას გამოთქვამენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, თუმცა, აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ დებატებს არა განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება – ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკოსების ციხიდან გათავისუფლება. პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას გამოცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის უარყოფით განცხადებებს იხსენებენ, თუმცა, დებატების გამართვის შემთხვევაში, მონაწილეობისთვის მზად არიან.