პრემიერის განცხადება – შეფასებები

18:14, 05.08.2026

აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრემიერის განცხადება კვლავ აქტუალურია და გრძელდება პოლიტიკური შეფასებები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში პასუხობენ. ირაკლი კობახიძის ღია წერილს ასევე აფასებენ სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები და პრემიერს რუსული აგენტურის ინტერესების გატარებაში სდებენ ბრალს. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიცია გარე ძალების დაკვეთით მოქმედებს და სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში მოიგო საქმე საქართველომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში და რუსეთს ოკუპანტი დაერქვა.

ღია წერილში პრემიერ-მინისტრი ინტერესდება და კითხვებს სვამს, რატომ არ გამოირჩეოდა ყოფილი ხელისუფლება რადიკალური ანტირუსული განწყობებით აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ იქცა „რუსოფობია“ ტრენდად მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად.

„ნაციონალურ მოძრაობას“ კი, რომელიც მაშინ ხელისუფლებას წარმოადგენდა, რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე ქვეყნის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. ანალოგიური შეფასება აქვს პრემიერ-მინისტრს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით.

მსგავსი