პრემიერის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

ვნებათაღელვის და მწვავე კრიტიკის საგანი ხდება უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერის კიდევ ერთი განცხადება.

მმართველ გუნდს მთავრობის მეთაურის გუშინდელი გზავნილის გამო მედიასთან განმარტებების გაკეთება უწევს. საუბარია იმ კომენტარზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა საომარი მოქმედებები უკრაინის დასჯის და დაჩაგვრის კონტექსტში შეაფასა. ოპონენტები სახელისუფლებო რიტორიკას ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ პოზიციად აფასებენ და პრემიერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.

უცვლელია მმართველი პარტიის გზავნილი. ხელისუფლება ოპონენტთა ნაწილს ქვეყნისთვის საზიანო პოზიციაში და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს და მთავარ ამოცანად ქვეყნისთვის ომის არიდებას აცხადებს.