პრემიერის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე

გაეროს ტრიბუნასთან საქართველოს პრემიერის გამოსვლის დიდი ნაწილი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას დაეთმო.

მამუკა ბახტაძემ კრემლს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეახსენა და საქართველოდან საკუთარი ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა 25 წლის წინ დაწყებულ ოკუპაციაზე, აგვისტოს ომზე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის წართმეულ უფლებებზე და მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მომზადებულ სამშვიდობო ინიციატივაზე.

რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საერთაშორისო რეაგირების კონტექსტში პრემიერის ტონი მკაცრი იყო გაეროს მიმართაც. მსოფლიოს სჭირდება უფრო ძლიერი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია – ასეთი იყო 18-წუთიან გამოსვლაში მამუკა ბახტაძის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. საქართველოს მთავრობის მეთაურმა 193 ქვეყნის ლიდერებს ქართულ ენაზე მიმართა.