პრემიერი უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე

12:02, 24.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში გრძელდება. ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უკვე დაესწრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა უნგრეთის პრემიერს საიუბილეო თარიღი მიულოცა და უნგრელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. მანამდე კი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალაკონცერტს დაესწრო. უნგრეთის პრემიერმა, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სახელმწიფო ოპერაში უმასპინძლა.

შეგახსენებთ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უნგრეთში საქართველოს პრემიერი პირველად იმყოფება. ბუდაპეშტში, სადაც 1956 წლის მოვლენებსა და რევოლუციის 70 წლისთავს აღნიშნავენ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები და ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელები იმყოფებიან. ზუსტად 70 წლის წინ, უნგრეთში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ და საბჭოთა ჯარების გაყვანის მოთხოვნით, დემონსტრაციები მასშტაბურ პროტესტში, სახალხო აჯანყებასა და ანტისაბჭოთა რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა, რასაც საბჭოთა ძალებთან შეტაკებები და ქვეყნის სათავეში დროებით ახალი მთავრობის მოსვლა მოჰყვა. 37 წელია, 23 ოქტომბერი უნგრეთში ეროვნულ დღედ არის გამოცხადებული.

მსგავსი