პრემიერი სიეტლში ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიეტლში ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც წამყვან ამერიკულ კომპანიებში საქმიანობენ. მთავრობის მეთაურმა ინფორმაცია მიიღო მათი პროფესიული საქმიანობის შესახებ და ხაზი გაუსვა იმ გამოცდილებას, რომელსაც ისინი უმსხვილეს მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობისას იღებენ.

პრემიერ-მინისტრი ქართველ ახალგაზრდებს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების კუთხით მთავრობის გეგმაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო ბიზნესის ცენტრი რეგიონში და ამის ნათელი მაგალითია ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოწინავე მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში არიან დასაქმებული.

პრემიერმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას ყურადღება დაუთმო განათლების რეფორმას, რომლის თანახმად, სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით, ანუ ბიუჯეტის მეოთხედით დაფინანსდება.