პრემიერი ნიუ იორკში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ნიუ იორკში სწავლობენ.

ახალგაზრდებმა მთავრობის მეთაურის ხედვები მოისმინეს განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. პრემიერმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მიესალმება თითოეული მათგანის იდეებსა და აქტიურ მონაწილეობას, როგორც რეფორმის წარმატებით განხორციელების, ისე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაში 17 სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთა ნაწილი საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით სწავლობს.

სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი