პრემიერი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, საჰაერო ძალების ფელდმარშალს, სტიუარტ ფიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კოვიდპანდემიის მიუხედავად, 2021 წელს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტს, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობაში ახალ შესაძლებლობებს ქმნის.    განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ამ პროცესში ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამასთან, საუბარი შეეხო ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის საკითხსაც – ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, ავღანეთი აღარასოდეს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ქართული სახელმწიფო ამაყობს საკუთარი წვლილით ამ მიზნის მიღწევაში.

დატოვე კომენტარი