პრემიერი გაერო-ს კონფერენციაზე
ქვეყნებს შორის კავშირების გაზრდა, შუა დერეფნის პოტენციალის ათვისება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება – ამ საკითხებზე თურქმენეთში გაერო-ს კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს.
საერთაშორისო ღონისძიებაში 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები და მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო საქართველო. რა როლი აქვს ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის განვითარების პროცესში – დელეგატებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და სტრატეგიულ მდებარეობაზე ინფორმაცია პრემიერმა მიაწოდა. ამ კონტექსტში ნახსენები იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი და მშრალი პორტები – ხაზი გაესვა საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ჰაბის მნიშვნელობას. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ სამომავლო პარტნიორობა ზღვაზე გასასვლელის არ მქონე რვა ქვეყანას შესთავაზა. პარალელურად გაიმართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
„მოამბე“ თურქმენეთიდან – პრემიერის ვიზიტს სალომე ქოქიაშვილი აშუქებდა.