პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე
საქართველოს პრემიერი 50 ქვეყნის ლიდერებთან ერთად საერთაშორისო პლატფორმაზე.
დაკავშირებადობის მხრივ ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე და მზარდ სატრანზიტო პოტენციალზე სასაუბროდ მთავრობის მეთაური ამჯერად ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს იყენებს. რატომ არის გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის საქართველო, როგორც ევროპა აზიის დამაკავშირებელი კარიბჭე – ეს მიმართულებაა აქცენტირებული პანელურ დისკუსიებზე. ბუნებრივია, საუბრის თემაა ის მიზეზებიც, რამაც საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა გაამწვავა და დიალოგის პროცესი შეაჩერა. პლატფორმა კარგი საშუალებაა ევროპელ ლიდერებთან პირისპირ კომუნიკაციისთვისაც. ირლანდიის დედაქალაქში იმყოფებიან საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომელმაც დღეს საქართველოზეც ისაუბრა. დუბლინში მიმდინარე სამიტზე დაგეგმილია რამდენიმე დეკლარაციის და ერთობლივი განცხადების მიღებაც, რომლებსაც ჩვენი ქვეყანაც უნდა შეუერთდეს. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერმა ევროპული დემოკრატიის თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
„მოამბე“ დუბლინიდან, – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.