პრემიერი „ენბისი უნივერსალის“ წარმომადგენლებს შეხვდა

ენბისი უნივერსალი“ (NBC UNIVERSAL) საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს, – კინოსტუდიის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოში კინოგადაღების მიმართულებით არსებობს. ამ კონტექსტში განხილული იყო პროგრამა – „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებში NBC UNIVERSAL-თან ხანგრძლივი კომუნიკაციის ისტორია არსებობს.

ჰოლივუდის კინოსტუდიის წარმომადგენლები საქართველოში ასევე სტუმრობდნენ რამდენიმე ლოკაციას, სადაც სხვადასხვა ფილმისთვის ცალკეული სცენების გადაღების საკითხი შეისწავლეს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მათ დაინტერესებას მიესალმება და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გადაღებების პროცესის მაღალ დონეზე წარმართვაში.

დატოვე კომენტარი