პრემიერ-მინისტრის წერილი - პოლიტიკური შეფასებები

პრემიერის წერილი პოლიტიკური დღის წესრიგის ახალი თემა ხდება.

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ქვეყნის ომში ჩართვასთან დაკავშირებული რიტორიკა, სანქციები და დეოლიგარქიზაცია ვრცელი განცხადების მთავარი მიმართულებებია. მთავრობის მეთაურის გზავნილია, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში არ არევა და მისი გავლენა არცერთი საკვანძო გადაწყვეტილების მიღმა არ არის.

წერილის ადრესატებს შორის ირაკლი ღარიბაშვილს დაკონკრეტების გარეშე ნახსენები ჰყავს გარე პოლიტიკური ოპონენტებიც. თუ პარლამენტის თავმჯდომარეს დავეყრდნობით, მათში ის ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები იგულისხმება, რომლებიც ოლიგარქიულ მმართველობაზე განცხადებებით პოლარიზაციას აღრმავებენ. წერილის შინაარსმა ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკურ პროცესებზე ყოფილი პრემიერის გავლენებში კიდევ უფრო დაარწმუნა. განცხადების ერთმა ფრაგმენტმა პოლიტიკურ სპექტრში გააჩინა კითხვაც – მოსალოდნელია თუ არა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკაში დაბრუნება.