პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყირგიზეთში

საქართველოს პრემიერი ყირგიზეთშია.

დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. მთავრობის მეთაურს ხვალ ყირგიზეთის პრეზიდენტი მიიღებს. პრემიერ-მინისტრის პოზიციის დაკავების შემდეგ ეს ყირგიზეთში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტია. ვიზიტს ორი მიმართულება აქვს – სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერება. ირაკლი კობახიძესთან ერთად ბიშკეკში იმყოფებიან საგარეო, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები. 10-წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიის შეხვედრა, სადაც კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ბიშკეკში მყოფმა მინისტრებმა კოლეგებს საქართველოს საინვესტიციო გარემო და სატრანზიტო პოტენციალი გააცნეს. ორივე მხრიდან მზაობაა, რომ სავაჭრო ბრუნვის და ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები გაიზარდოს და ამ მხრივ არსებული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული.