პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ვატიკანში – შეხვედრა რომის პაპთან
პირველი შეხვედრა კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურთან. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ლეო მე-14 საქართველოში მოიწვია.
მთავარი გზავნილი, რაც მთავრობის მეთაურმა რომის პაპს გადასცა, საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობის გაძლიერების სურვილია. საუბარი ქვეყნის შიგნით მიმდინარე და რეგიონალურ პროცესებს, ასევე ქრისტიანული ღირებულებებისთვის ბრძოლას შეეხო. ამ კონტექსტში კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაესვა ხაზი. პონტიფიკოსის გარდა შეხვედრა გაიმართა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთანაც. ქართული დელეგაციის წევრებმა დღეს რამდენჯერმე ახსენეს სამშვიდობო პროცესი და მშვიდობის ხელშეწყობაში სწორედ წმინდა საყდრის განსაკუთრებული როლი. მანამდე კი იყო კიდევ ერთი გამორჩეული კულტურული ღონისძიება საქართველოსთვის – რომის ერთ-ერთ მთავარ ეკლესიაში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში ქართული საგალობლები და ხალხური სიმღერები აჟღერდა.
ვატიკანის საიუბილეო თარიღი, პატრიარქის ავე მარია და ქართული მრავალხმიანი გალობა რომში – „მოამბე“ იტალიიდან.