პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

საქართველოს პრემიერის ახალი გზავნილები უნგრეთიდან – ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს – ეს იყო მთავარი მიმართულება გამოსვლის, რომელიც უკრაინის ომზე საუბრით და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეხსენებით დაიწყო. მიმართვის დროს აქცენტირებული იყო ქვეყნის ეროვნული ფასეულობები, ტრადიციების ერთგულება და პარალელურად პროგრესისკენ სწრაფვა და უმრავლესობის და უმცირესობის უფლებების დაცვა. გამოსვლის დროს პრემიერმა რამდენჯერმე ახსენა წარსულთან, ისტორიასთან და ოჯახურ ფასეულობებთან მებრძოლი ძალები და ხაზი გაუსვა, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების გამზიარებელია. გამოსვლას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პროგნოზის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია. პრემიერ-მინისტრმა ამჯერად უნგრეთიდან დააფიქსირა, რომ ქვეყანა წლის ბოლოს სამართლიან გადაწყვეტილებას ელის. ამერიკული კონსერვატიული კავშირის თითქმის 50-წლიანი ისტორიის მქონე კონფერენციიდან ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებს გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე ერთიანობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.