პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში

საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი თემა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმია.

ანექსიიდან შვიდი წლის შემდეგ „ყირიმის პლატფორმის“ სამიტს ეყრება საფუძველი. ანექსირებულ ნახევარკუნძულზე არსებული მძიმე სიტუაციის განსახილველად და მოსკოვის მიმართ მკაფიო გზავნილების გასაჟღერებლად უკრაინის დედაქალაქში დღეს 50-მდე ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ. მათ შორის იყო საქართველოს პრემიერიც, რომელმაც 7 წლის წინანდელი მოვლენების შეფასების დროს პარალელები 2008 წლის აგვისტოს ომთან გაავლო. კიევში ჩავიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც. გზავნილი საერთოა – საერთაშორისო საზოგადოება ყირიმს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს, ნახევარკუნძულის ანექსიას არასდროს აღიარებს და მისი დეოკუპაციისთვის ძალისხმევას გააძლიერებს. რუსეთს კიევიდან ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შეწყვეტისა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების დაშვებისკენაც მოუწოდეს. სამიტის შემდეგ მიღებულ დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში მის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების განხილვა სავალდებულო უნდა იყოს.

„მოამბე“ კიევიდან, – თამუნა წიკლაური აშუქებდა ყირიმის პლატფორმის პირველ სამიტს.

დატოვე კომენტარი