პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში
დაკავშირებადობის მხრივ საქართველოს მზარდ პოტენციალს ამჯერად მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანას აცნობენ. სინგაპურში მყოფი ქართული დელეგაცია დღეს ხელისუფლების პირველმა პირებმა მიიღეს. პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრებზე საუბრის ძირითადი მიმართულება პოლიტიკური კავშირების გაძლიერება და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო. შუა დერეფნის მარშრუტში ჩვენი ქვეყნის გაზრდილი სატრანზიტო პოტენციალის ფონზე ხელისუფლებას რეგიონული და ლოჯისტიკური ჰაბის შექმნა პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, ამ ფონზე ქართულ მხარეს გამოცდილების მიღება სურს ქვეყნისგან, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური ცენტრი და უმსხვილესი საზღვაო და ლოჯისტიკური ჰაბია. იყო საუბარი კონკრეტულ პროექტებზე. მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაზე. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად ვიზიტის მიმართულებაა სინგაპურიდან ინვესტიციების მოზიდვა, რისთვისაც დღეს დელეგაციამ სინგაპურის წამყვანი ფინანსური და ფინტექ კომპანიებისთვის საინვესტიციო გარემოზე პრეზენტაცია გამართა. განიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაც – ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში. მოლოდინია, რომ ვიზიტის შემდეგ ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა. გამოიკვეთა საერთო ინტერესების სფეროები.