პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიაში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. ირაკლი ღარიბაშვილი უმაღლესი თანამდებობის პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და პრინც ღაზისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი ოთხი ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ოფიციალური ცერემონია დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მანამდე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის მეფეს, აბდულა მეორეს შეხვდება. ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ამანის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის მინისტრი ნაიეფ ალ ფაიეზი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიაში ზაზა კანდელაკი დახვდნენ.

დატოვე კომენტარი