პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იქნება განხილვის თემა გერმანიაშიც, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ხვალ გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს. საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანიაში საქართველოს პრემიერის ვიზიტის დროს შეხვედრებისას საუბარი იქნება კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.