პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

ქართული დელეგაცია ბრიუსელიდან მნიშვნელოვანი გზავნილებით და ფინანსური დახმარების ახალი პაკეტით ბრუნდება.

პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად გამოყოფილია კიდევ 129 მილიონი ევრო. ნატო, ევროკომისია, ევროპული საბჭო, ევროპარლამენტი – ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან შეხვედრები საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით დასრულდა. ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდეს, რეფორმები მოუწონეს და თანამშრომლობის არსებითი პაკეტის განახლება დააანონსეს. იყო განცხადება მოახლოებულ არჩევნებზეც, რომლის მიღმა ოპოზიციამ მკაფიო გაფრთხილება ამოიკითხა.

მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ურთიერთობების შემდგომ გააქტიურებას. ხაზი გაესვა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ნატო -საქართველოს შორის კიბერ-უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესზეც და არსებულ ჰუმანიტარულ სირთულეებზე.