პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე რეფორმების დღის წესრიგი განიხილა. ირაკლი კობახიძის თქმით, ახალ პოსტზე მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა.

შარლ მიშელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. საუბრისას ხაზი გაესვა ევროკავშირის ინსტიტუტების შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ გაწევრიანების ეტაპებზე ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი იქნება. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის კიდევ უფრო მეტად ჩართულობის საჭიროებაზე.