პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერს კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე მოუსმენენ.

ხვალ ბრიუსელში ევროომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმი გაიხსნება, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება. „გლობალური კარიბჭის“ ფორუმის მთავარი თემა სატრანსპორტო დერეფნებია, რამაც უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა და საქართველოს სატრანზიტო როლი კიდევ უფრო გაზარდა. დიდი ალბათობით აქცენტი გაკეთდება სატრანსპორტო გადაზიდვების ახალ მარშრუტებზე და იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც ევროპის ქვეყნების ენერგომომარაგებას საქართველოს მონაწილეობით გულისხმობს. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის მიმართ ინტერესს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების თარიღის მოახლოება კიდევ უფრო ზრდის. ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს გაფართოების საკითხებში ევროკომისართან განიხილა. ბუნებრივია, ოლივერ ვარჰეისთან განხილვის თემა იყო ევროკომისიის დასკვნა, რომელიც 8 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს – სწორედ ამ დასკვნით იხელმძღვანელებს ევროპული საბჭო დეკემბერში კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.