პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში 

პირველი ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ.

საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანში ჩავიდა. შეხვედრები პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან – მხარეები ორ მეზობელ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე თანხმდებიან. შუა დერეფანი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროსადენი, სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტები – აქცენტი გაკეთდა საქართველოს და აზერბაიჯანის ჩართულობით იმ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონულ პროექტებზე, რომლებსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირების კუთხით მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ. ბუნებრივი აირის ექსპორტის და ორმხრივი ინვესტიციების ზრდა, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება შუა დერეფნის პოტენციალის ასათვისებლად, სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლების გაუმჯობესება – დასახელდა კონკრეტული გეგმებიც, რაც მეზობლების ურთიერთობაში მომდევნო წლებში პრიორიტეტული უნდა იყოს. განხილვის თემა იყო რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების გარემო. ამ კონტექსტში საქართველოს მთავრობის მეთაურმა სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივა კიდევ ერთხელ გააჟღერა. დღესვე საქართველოს საკუთრებაში გადაეცა ბაქოს ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი, სადაც ჩვენი ქვეყნის საელჩო და საკონსულო განთავსდება.