პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული დეკლარაცია ორივე ერისთვის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ქმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დალასის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოსთან შეხვედრისას განაცხადა. მამუკა ბახტაძე პარტნიორებს შორის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით არსებულ მიღწევებზე საუბრობს და იქვე ამბობს, რომ ახლა თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით უნდა გაღრმავდეს.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა. ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივია. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ზღურბლზეა. გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. გამოსვლის დასასრულს კი მამუკა ბახტაძეს, დალასის მერის სახელით, დალასის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა.