პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მთავარი გზავნილები სპეციალურ დეკლარაციაში აისახა. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის საიუბილეო დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე ვაშინგტონი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად მზადაა.

ხაზგასმულია ურყევი მხარდაჭერა ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართაც, რომლის მიხედვით საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი. სწორედ ნატო-ში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივებზე საუბარს დაეთმო ყოველწლიური სტრატეგიული თანამშრომლობის კონფერენციაც, რომელზეც საქართველოს პრემიერი სიტყვით გამოვიდა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ თქვა, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. გაფართოებაზე საუბრის დროს კონფერენციის მონაწილე ადგილობრივი ექსპერტები შემდეგ ქვეყნად სწორედ საქართველოს ასახელებენ.