საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან და ტოლერანტობის მინისტრთან. ასევე ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრა აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში. კომპანია ახორციელებს თბილისის მშრალი პორტის პროექტს, რომელიც 2025 წელს დასრულდება. ირაკლი კობახიძე აბუ დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი არიან.